ჭავჭავაძის გამზირზე, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის

0
163

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ხაზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორივე ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.

„გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია. ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით, 15 ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს.

მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში ოთხი „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწიოს ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ“, – განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის აღდგენის საკითხს, როგორც ბითაძე ამბობს, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება.

„ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ზედა ფენის ასფალტის დაგება ამ კვირის ბოლოს დაიწყება. მერე იქნება კოსმეტიკური სამუშაოები, ავტობუსების გაჩერებების დაყენება, განათების ბოძების მონტაჟის დასრულება და დახაზვითი სამუშაოები. ვფიქრობთ, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება, მათ შორის გამწვანებებით“, – განაცხადა ბითაძემ.