საქართველო პროპორციულად ფინეთს უთანაბრდება ციფრული უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობით – ანდრეას შლაიხერი

0
186

„საქართველო პროპორციულად ფინეთს უთანაბრდება ციფრული უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობით, რომლებიც მზად არიან სასწავლო პრაქტიკაში ტექნოლოგიების ინტეგრირება მოახდინონ“, – ამის შესახებ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

ანდრეას შლაიხერმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების წარმართვის პროცესში ქართველმა მასწავლებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. შექმნილი კრიზისის დროს მათ სრულიად ახალი როლის შეთავსება მოუწიათ. მასწავლებლების მისია არა მხოლოდ გაკვეთილების სხვა გარემოში ჩატარება, ციფრული მასალების ორგანიზება და ონლაინ სივრცეში სასწავლო პროცესის წაძღოლა, არამედ მოსწავლეების ემოციური მხარდაჭერა და მათ ოჯახებთან ახალი ფორმის კავშირების დამყარება გახდა.

„საქართველომ მასწავლებელთა პროფესიონალიზმის განვითარებაში ინვესტიცია ჩადო არა მხოლოდ კრიზისის დროს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – განცხადა ანდრეას შლაიხერმა.

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალში კონსტრუქციული სისტემის შემუშავებას აპირებს, რათა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და კოლაბორაციული გახადოს. შედეგად, განათლების სისტემა უფრო ეფექტიანი იქნება, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ცოდნის უკეთესად მიღებასა და გაცემას შეძლებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც UNESCO-ის, OECD-ის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.