“ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას – არჩილ თალაკვაძე

0
155

უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან აცილება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, ოპოზიციამ კი კიდევ უფრო გაალიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

„ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და იგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ და თქვენ კარგად გახსოვთ ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.