ჩინეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა – „შპიგელი“

0
263

ჩინეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“, ქვეყნის „ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე“ (BND) დაყრდნობით ავრცელებს.

„შპიგელი“ წერს, რომ სი ძინპინს და ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი 21 იანვარს გაიმართა, რა დროსაც ჩინეთის ლიდერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოუწოდა, რომ პანდემიური გაფრთხილება გადაედო.

„ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანახმად, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უბიძგა, რომ უმაღლეს დონზე ვირუსის აფეთქების შემდეგ, გლობალური გაფრთხილება გადაედო. 21 იანვარს, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა, სი ძინპინმატედროს ადჰანომ გებრეიესუსს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა და პანდემიური გაფრთხილება გადაედო. ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველად, ჩინეთის საინფორმაციო პოლიტიკამ ოთხიდან ექვს კვირამდე დაკარგა“, – წერს „შპიგელი.“

გერმანული გამოცემის თანახმად, ქვეყნის მთავრობა არ ეთანხმება აშშ-ის პოზიციას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოიშვა.