კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია

0
211

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალ შემთხვევებს სამჯერ აჭარბებს. ვირუსი დაუდგინდა 3 პირის, 9-მ კი COVID-19 დაამარცხა. ყველა ინფიცირებული პაციენტის წყარო ცნობილია

„ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტები ცნობილია. ბოლო ათი დღეა, ყველა ახალი დადასტურებული ინფიცირების წყარო ან უკვე არსებული წყაროს კონტაქტს ან საკარანტინო სივრცეს უკავშირდება. ჯერჯერობით, ახალი წყარო არ გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, გამოჯანმრთელებულთაგან 3 მათი სამედიცინო დაწესებულების პაციენტია. ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში 85 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში COVID-19 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 459. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.