New York Times-ი საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ წერს

0
170

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ორშაბათიდან გაიხსნება ქვეყნის დედაქალაქი თბილისი, ასევე განახლდება მუშაობა სავაჭრო ობიექტებში. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

„ხუთშბათს პირდაპირ ეთერში გამართული მთავრობის სხდომის დროს მან განაცხადა, რომ 14 მაისს ასევე გაიხსნება ქალაქი რუსთავი. 1-ელ ივლისს ქვეყანა გაიხსნება უცხოელი ტურისტებისთვის, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი განახლდება 15 ივნისს.თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა 15 აპრილს. ეს აკრძალვა ბათუმსა და ქუთაისში წინა კვირაში მოეხსნათ“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც გაზეთი წერს, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება, რაც მოიცავს ეგრეთწოდებულ კომენდანტის საათს, რესტორნების/კაფეების და სავაჭრო ობიექტების უმრავლესობის დახურვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებას და სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას. ეს აკრძალვები არ ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებსა და ბენზინგასამართ სადგურებს.

„გახარიას თანახმად, 11 მაისს გაიხსნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს. 5 მაისს აკრძალვები მოეხსნა სამშენებლო და ავტომობილების მომსახურების ობიექტებს. ხუთშაბათის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 615 შემთხვევა, რომელთაგან 9 გარდაიცვალა“- წერია სტატიაში.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანახმად, აკრძალვების მოხსნის შემდეგ ტურისტების მოსაზიდად, საქართველომ უნდა დაიმკვიდროს უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის რეპუტაცია.

„აქამდე მსოფლიო ჩვენ გვიცნობდა, როგორც სტუმარმასპინძლობის უძველესი ტრადიციების ქვეყანას. დადგა დრო, როცა მსოფლიომ უნდა გვაღიაროს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა“, – განაცხადა თურნავამ.
კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოში უპრეცედენტო აღმავლობის გზაზე მდგარ ტურიზმს – სექტორს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავდა.

2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 5 მილიონ ტურისტს, ანუ 7%-ით მეტს წინა წლის მონაცემებთან შედარებით. შარშან შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი, ხოლო ამ სექტორის წილი ქვეყნის მთლიან პროდუქტში იყო 11,5%.

New York Times-ი ასევ წერს, რომ თურნავას თქმით, ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებისთვის დაწესდა შეღავათები საშემოსავლო და ქონების გადასახადებთან დაკავშირებით, ასევე გაორმაგდება დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება, რაც შეადგენს 1,2 მილიარდ ლარს (375 მილიონი დოლარი).

ტურიზმის სფეროში მომუშავე ფიზიკური პირები და კომპანიები 4 თვით თავისუფლდებიან საბანკო სესხებზე პროცენტების გადახდისგან, ხოლო ამ სექტორში თვითდასაქმებულთათვის და მოქალაქეთათვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები, სახელმწიფო გამოყოფს ფინანსურ დახმარებას.