ზაალ ანჯაფარიძე: ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები და არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას

0
190

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე მთავარია, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები განუხრელად დავიცვათ და არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას

,,კორონავირუსის შემოტევის შემდეგ, რომელმაც მართალია სხვა ქვეყნებთან შეუდარებლად ნაკლები მსხვერპლი და დაავადებული წაიღო ჩვენგან ჩვენი გმირი და პროფესიონალი ექიმების და მათი ხელშემწყობი მთავრობის დამსახურებით (როგორც არ უნდა ეპიტნავებოდეთ ეს მავანთ), ვიწყებთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას.ახლა ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია, რომ ეიფორიას არ მივეცეთ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ისევე განუხრელად დავიცვათ როგორც ადრე, არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას და ახალ პოსტ-კორონა პერიოდში მიღებული დახმარების პარალელურად ჩვენც გამოვიჩინოთ ფხა და ვიფიქროთ სად შევძლებთ ყველაზე უკეთ საკუთარი თავის რეალიზებას ახალ სინამდვილეში. ბევრისათვის ეს ახალი სინამდვილე კი ნამდვილად დადგა“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი მთავრობას ურჩევს იფიქროს სამედიცინო ტურიზმზე, რომელიც შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია.

,, სამედიცინო ტურიზმის ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე