გიგა მაქარაშვილი მოსამართლეს – მზად ვარ, პირადად დავიცვა თქვენი უფლებები

0
311

ძალიან მწყინს, რომ ჩემი ქვეყნის მოსამართლეს, ასე უდიერად ექცევა ჩემი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მზად ვარ თქვენივე ნებართვით ვიზრუნო, რომ პირადად დავიცვა თქვენი უფლებები, – ამ სიტყვებით მიმართა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულმა გიგა მაქარაშვილმა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილს.

როგორც მაქარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების მიერ სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.

„საკუთარი თვალით ვხედავდი თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში 13 დაკავებულს. ველოდებოდით ოქმების შედგენას. იცით რატომ არ წერდნენ? არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ.

ძალიან მწყინს, რომ ჩემი ქვეყნის მოსამართლეს, ვალერიანე ფილიშვილს ასე უდიერად ექცევა ჩემი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მზად ვარ თქვენივე ნებართვით ვიზრუნო იმაზე, რომ პირადად დავიცვა თქვენი უფლებები. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.

დიდი იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ ყველა გარემოებას და მოგვცემთ შანს, რომ შექმნათ პრეცედენტი მოიგოს სიმართლემ, სამოქალაქო საზოგადოებამ”, – განაცხადა მაქარაშვილმა.