უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის გაძევება კანონიერად ცნო

0
193

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გაძევება კანონიერად ცნო. შესაბამისად კი, უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომლითაც ის ირწმუნებოდა, რომ პოლონეთში მისი გაძევება უკანონო იყო.

გადაწყვეტილება 19 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური თავის facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“სააკაშვილმა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მოითხოვა, რომ პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს მისი  რეადმისია უკანონოდ აღიარებულიყო.

“უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა წინა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილმა უარყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, მაგრამ 2017 წელს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა.

უკრაინის ამჟამინდელმა ლიდერმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, სააკაშვილის მოქალაქეობა 2019 წლის მაისში დაუბრუნა.