საქართველოს ყოფილი ელჩის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატთა რეპუტაციას – ლიეტუვას საგარეო უწყება

0
213

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატების რეპუტაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბალთიქ თაიმსი” ავრცელებს.

”სამინისტრო გააგრძელებს დიპლომატიური ზომების მიღებას არსებული ვითარების მოსაგვარებლად“, – განაცხადეს ქვეყნის საგარეო უწყებაში.

თავად ხათუნა სალუქვაძე გამოცემასთან აცხადებს, რომ დავა დასრულებული არ არის და ბინის ესპანელ მეპატრონეს არაკანონიერად ზედმეტი თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს. დიპლომატი ასევე განმარტავს, რომ მეპატრონემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და აპირებს საქმეზე სასამართლოს მიმართოს.

„იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემა არ იქნება გამოყენებული, რომ მოხდეს ჩემი ინტერესების და რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ ნდობას და პატივისცემას ლიეტუვას სასამართლოს მიმართ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას შესაძლებლობა ექნება საფუძვლიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანოს განაჩენი“, – აცხადებს ყოფილი ელჩის.

სალუქვაძე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი „ჩრდილს არ მიაყენებს საქართველოსა და ლიეტუვას განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას“.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძეს, ბინის მეპატრონე ქირის დავალიანების გამო ედავება.

წყარო: interpressnews.ge