„საქართველო – აუხდენელი იმედები“ – სერგეი მარკედონოვი საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზებზე

0
309

საქართველოს მორიგმა საპროტესტო ტალღამ გადაუარა, რომელმაც ახალი პოლიტიკური მოდა მოიტანა: მასობრივი აქციის მონაწილეები გამოდიან ლოზუნგით – „ყველა მინუს ერთი: ბიძინა უნდა წავიდეს!“. ამ მოწოდებამ, რომელიც მიმართულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ბევრი პარტია გააერთიანა – როგორც ევრონტეგრაციის მტკიცე მომხრეები, ასევე ნაციონალისტ-ევროსკეპტიკოსები, როგორც აშშ-სთან დაახლოების, ასევე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მხარდამჭერები. მოკლედ, როგორც ამბობენ ხოლმე – „უკიდურესობები ერთ წერტილზე შეერთდნენ“ – ქართული ოპოზიციური სპექტრისათვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიუღებელია.

ამჟამინდელი მასობრივი აქციების უშუალო მიზეზი გახდა საპარლამენტო დისკუსია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით: 2019 წლის ზაფხულში მომხდარი საპროტესტო ტალღის ფონზე „ქართული ოცნება“, ოპოზიციის ზეწოლის გამო, დათანხმდა, რომ პარლამენტში მორიგი 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, თანაც „ნულოვანი“ ბარიერით, ანუ ეს ნიშნავდა, რომ ყველა დარეგისტრირებულ პარტიას დეპუტატის მანდატის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში ჩატარებულმა კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ კანონპროექტის მიღება საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამ სიტუაციაში მმართველი პარტიის ერთმანდატიანმა დეპუტატებმა შეასრულეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ ყველაფერთან, მისი თანაპარტიელების დაინტერესება მაინც აშკარად ჩანს. კონსტიტუციის შესწორებები რომ იმ სახით დამტკიცებულიყო, როგორი სახითაც პარლამენტში განიხილებოდა, მაშინ მმართველი პარტიის სახელისუფლო ოცნების ზედა ზღვარი მხოლოდ არჩევნებისშემდგომი კოალიციით იქნებოდა გამოხატული. ასეთი კონსტრქუქციები კი, როგორც ამასწინანდელი მოლდავური გამოცდილება გვაჩვენებს, მაინცდამაინც საიმედო არ არის.

ისე, კაცმა რომ თქვას, არასწორი იქნებოდა თბილისური ნოემბრის პროტესტების მიზეზები მხოლოდ კონსტიტუციისა და არჩევნების ირგვლივ დებატებში ვეძებოთ. ვფიქრობთ, რომ თბილისში მიმდინარე მასობრივი აქციების ბევრ რიგით მონაწილეს ძნელად აქვს წარმოდგენილი მაჟორიტარული ან პროპორციული საარჩევნო სისტემების ყველა ღირსება და ნაკლოვანება. მათ უფრო სხვა პრობლემები აღელვებთ.

უპირველესად ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მოსახლეობის ბევრი მოლოდინი არ გამართლდა. სამი წლის წინ მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოიგო არჩევნები და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მდიდარი არ გამხდარა. მიუხედავად იმ დეკლარაციებისა, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება ახლოს არისო, საქართველო სინამდვილეში ამ სტრუქტურებში მიღების საკითხში წინ იოტისოდენადაც არ წასულა. დაპირება რუსეთთან ურთიერთობებში „გარღვევის“ თაობაზე ჩრდილოელ მეზობელთან ახალი ესკალაციით შეიცვალა. კიდევ კარგი, რომ ამჯერად მოსკოვი მხოლოდ ავიარეისების შეჩერებით შემოიფარგლა და [საქართველოს წინააღმდეგ] მასშტაბური სანქციები არ დააწესა.

შეძლებს კი ჭრელი ქართული ოპოზიცია ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში? რიტორიკული კითხვაა. ხელისუფლების ოპონენტებს შორის ერთიანობა არ არის. ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდიან, მიტინგებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან მოშორებით ატარებენ. თითქმის შეუძლებელია პრაქტიკულად იმის წარმოდგენა, თუ რა ერთიან საგარეოპოლიტიკურ კურსს გაატარებენ „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალები“ და ნინო ბურჯანაძის პარტია. დიახ, ისინი ყველა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მომხრენი არიან, მაგრამ მათ აქტივში სხვა გამაერთიანებელი ფაქტორებიდან არაფერი ჩანს. პრინციპში, მათ მხოლოდ  ნეგატიური დღის წესრიგი აერთიანებთ. არსებული პრობლემები სისტემური ხასიათისაა და მათი გადაწყვეტა არ არის დაკავშირებული არც ხმამაღალ პიართან და არც პოლიტიკურ თეატრალობასთან, რაც ერთობ დამახასიათებელია თბილისელი ტრიბუნებისთვის. გარდა ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის დომინირებით გამოწვეული დაღლილობა საზოგადოებაში უკვე საგრძნობლად შეინიშნება. ამის გათვალისწინებით, ნოემბრის პროტესტებმა საზოგადოება კონკრეტულ შედეგებამდე რომც არ მიიყვანოს, ცვლილებების მოთხოვნილება უკვე ძალზე აშკარად ჩანს და მისი იგნორირება არ შეიძლება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 20 ნოემბერი, 2019 წელი

სერგეი მარკედონოვი – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტ/უნივერსიტეტის ევრატლანტიკური უსაფრთხოების კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4163862