პანდემიის ფონზე ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ბრუნდება – ბადაგონმა ღვინოსთან ერთად, შესაძლოა, სანიტაიზერის ექსპორტიც დაიწყოს

0
4420

ქართული ბიზნესი  ნელ-ნელა ამუშავებას იწყებს. ამის დასტურია ქართული ღვინის კომპანია “ბადაგონი“, რომელმაც უკვე ერთი კვირაა, რაც  წარმოება განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარზე გაყიდვები შემცირდა, ქართული ღვინო საექსპორტოდ ემზადება.

კომპანიის დამფუძნებლის გიორგი სალაყაიას თქმით, „ბადაგონისთვის“ კვლავ გაიხსნა ჩინეთის, რუსეთის, პოლონეთის და გერმანიის ბაზრები და ღვინომ უკვე დატოვა ქარხნის ტერიტორია.

როგორ მოახერხა „ბადაგონმა“ ქვეყანაში არსებულ სირთულეებთან  გამკლავება, შეძლო თუ არა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შეეხო თუ არა კომპანიას  მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტკირიზისული გეგმა – ამ თემებზე კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია spacesnews-ს ესაუბრა.

საქართველოში თვეზე მეტია  შეზღუდვებია დაწესებული. ასებული ვითარება, პირველ რიგში,  ნეგატიურად აისახა  ეკონომიკასა და ქართულ ბიზნესზე. როგორ შეეხო კომპანია „ბადაგონს“ შეზღუდვები?

ჩვენს კომპანიასაც პირდაპირ შეეხო, როგორც ყველას. სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა, ჩვენ გავაჩერეთ ყველა ბიზნესი. მათ შორის, სარესტორნო და სასტუმრო.  დავითხოვეთ ხალხი, ანაზღაურების შეზღუდვის გარეშე. გაჩერებული ვიყავით, პრაქტიკულად, ერთი კვირა. ამას დაემთხვა ბაზრების შეჩერება და შეიქმნა რთული სიტუაცია. ყველა ბაზარი პარალიზებული იყო. თუმცა, კომპანიამ მოახერხა ადაპტირება და ავიღეთ სოციალური  პასუხისმგებლობა ჩვენს  თავზე. ჩვენი პროდუქციის მარაგებიდან დავიწყეთ სადეზინფექიო საშუალებების წარმოება, რომელიც დავურიგეთ მათ, ვინც არის ფრონტის წინა ხაზზე: ჯანდაცვა, სასწრაფო დახმარება, წითელი ჯვარი, ეკლესიები, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ჟურნალისტები და ა.შ.  შეიძლება ითქვას, რომ აქედან დავიწყეთ ფუნქციონირება.

რა ვითარებაა დღეს?

დღეისთვის უკვე,  მოხდა სასიკეთო ის, რომ  ამ კვირაში დაიწყო შეკვეთები – რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან… დავიწყეთ სიმძლავრის ამუშავება და დღეს, მთელ სიმძლავრეზე გავედით. დაიტვირთა პირველი ტვირთები, რომელმაც უკვე დატოვა ქარხნის ტერიტორია და მიემგზავრება ექსპორტზე. ორშაბათს გაგრძელდება პროცესი ინტენსიურად  და შეიძლება ითქვას, რომ  თითქმის მთელი სიმძლავრით ავმუშავდით ამ დღეებში.

თუმცა, რთული მდგომარეობა გვაქვს აშშ-ში,  რომლის წელიც გვქონდა გამოცხადებული. იქ სიჩუმეა და ალბათ, დიდხანს გაუჭირდება. რაც შეეხება ჩინეთს, მათ ერთი კვირაა შეუწყდათ კარანტინი და კომუნიკაციაც შედგა. მაგრამ ვინაიდან მათ, არ მოუწიათ საახალწლო გაყიდვები, აქვთ მარაგები. თუმცა, საიმედოა სიტუაცია იმ კუთხით,  რომ  მაქსიმუმ ერთი, ან, ორი თვის განმავლობაში აღდგება დიდი რაოდენობით მიწოდება, რაც  დაგეგმილი გვქონდა.

გუშინ მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ბიზნესის დახმარებასაც უკავია. როგორ აფასებთ მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას და არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და სრულყოფილად შეძლოს ძალების აღდგენა?

ძალიან მნიშვენლოვანი იყო მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეღავათები, რაც აისახება პირდაპირ კომპანიაზე. განსაკუთრებით, საშემოსავლო  გადასახადის ნაწილში. ჩვენთან მუშაობს 600 ადამიანი და  დაახლოებით, 75 პროცენტი თანამშრომლებისა, ზუსტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს – 1500 ლარიანს. ასე რომ, მნიშვნელოვანი იყო დღგ-ს უკან დაბრუნების მექანიზმი მობილურობის კუთხით, რაც პირდაპირ აისახება და დღგ-ს ნაწილი ჩატრიალდება ბიზნესში. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. არ ვაპირებთ არც ერთი სამუშაო ადგილის გაუქმებას. ასევე, ბანკების მომსახურების  კუთხით, მთავრობის შეთავაზება უმნიშვნელოვანესია, რადგან ვართ დამყარებული საკრედიტო რესურსზე ბიზსნესის სტრუქტურიდან გამომდინარე. საკმაოდ დატვირთული ვართ საბანკო რესურსით და ამიტომ, ამ შეღავათებით, რომელსაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე, კომერციულ ბანკებთან მიმართებაში, პირდაპირ აისახება ჩვენზე. მე ვიტყოდი, რომ  მთავრობის მიერ წარმოდგენილი შეღავათების 90 პროცენტი შეგვეხო, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ.

რა შეეხება პროდუქციის შიდა ბაზარზე გაყიდვებს,  ღვინის მაღაზიები ფუნქციონირებას ამ ეტაპზე ვერ  განაახლებენ. გაიყიდება თუ არა, ბადაგონი ონლაინ?  

ჩვენ გვექნება ონლაინ გაყიდვები. ჩვენი პარტნიორი, ქვეყნის მასშტაბით, არის ცნობილი კომპანია, რომელიც ახორციელებს გაყიდვებს. მათ აქვთ დაგეგმილი ონლაინ გაყიდვების  თანამედროვე ქსელი  და ალბათ მალე აამუშავებენ.

ამასთან, როგორც გიორგი სალაყაიამ Spacesnews-თან საუბრისას განაცხადა, ბადაგონის სადეზინფექიო ხსნარით, რომლის წარმობაც კომპანიამ კრიზისულ  პერიოდში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ დაარიგა, დაინტერესდა რამდენიმე ქვეყანა. მათ შორის, გერმანია და ჩინეთი.  „ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანიის მენეჯმენტი განიხილავს ამ საკითხს და არ არის გამორიცხული, „ბადაგონის“  ქართული სადეზინფექციო ხსნარი  ექსპორტზეც გავიდეს.