ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება ჩვენი ძირითადი მიმართულებებია – გახარია

0
142

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობას სამი ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა აქვს.

გახარიას თქმით, ეს არის ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ დღეს ჩვენ, მთავრობას გვაქვს სამი ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა. ეს არის ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ან მოგვიწევს გადავდგათ მომავალში, იქნება განპირობებული ამ სამი ძირითადი მომართულებით ზრუნვით“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გარკვეულ ეტაპებად იყოფა.

„ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად. პირველი ეტაპი ჩვენი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა, ლოგიკა ჰქონდა.

შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა, თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომლებიც საჭირო იყო და საჭირო არის დღესაც, როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით.

ამიტომ ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ეს შედეგები პრეზენტაციის სახით, როგორც ამ ეკონომიკური ჯგუფის წინაშე, ასევე ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რომლებზეც შემდგომ შეგვეძლება ვინსჯელოთ“ , – განაცხადა გახარიამ.