IRI-ის კვლევა ტენდენციურია, რადგან კონკრეტული ლიდერების, თუ პარტიების მიმხრობა ხდება – მამუკა მდინარაძე

0
202

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასწორია საუბარი, თითქოს IRI-ის კვლევებით ოპოზიციას ჯამურად „ქართულ ოცნებაზე“ მაღალი მაჩვენებელი აქვს და მმართველმა გუნდმა ამის გამო ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტი.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, IRI-იმ კვლევის შედეგები გუშინ გამოაცხადა და „ქართულ ოცნებას“  ის წინასწარ ვერ ეცოდინებოდა.

მისივე თქმით, „აირაისა“ და „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები რეალობას ყოველთვის აცდენილია.

„IRI-მ როდის გამოაქვეყნა შედეგები? გუშინ და თქვენ ფიქრობთ, რომ გუშინდელი შედეგები ჩვენ წინასწარ ვიცოდით, ან რაიმე კავშირი აქვს რეალურ კვლევებთან? მე დავსვამ რამდენიმე შემხვედრ შეკითხვას, რომლითაც საზოგადოება უფრო კარგად გაერკვევა რეალობაში. რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ „აიპიემ“- ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც შემდეგ აქვეყნებს ხოლმე „აირაი“, ან „სიარარს“- ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც შემდგომ აქვეყნებს ხოლმე „ენდიაი“, ყოველთვის ცდება ხოლმე რამდენიმე ათეული პროცენტით რეალობას და საარჩევნო შედეგებს. რატომ ხდება ისე, რომ „აიპიემ“-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ლიდერობს ხოლმე დავით ბაქრაძე, შემდეგ მისი რეიტინგი ქრება „სიარარსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში და იქ რაღაც პოზიციებზე გვევლინება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი. უკვე სასაცილოა ეს ამბავი. თუ ჩაატარა „აიპიემმა“ და გამოაქვეყნა „აირაიმ“, იქ ბაქრაძეზე და „ევროპულ საქართველოზე“ სხვა შედეგები გვაქვს, თუ „სიარარსიმ“ ჩაატარა და „ენდიაიმ“ გაგვაცნო ეს შედეგები, იქ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაც კუთხით დომინანტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ჩატარებულ კვლევებს ტენდენციურს უწოდებს.

„ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ვრცელდება. გვეუბნებიან, რომ ასეა, და შემდეგ, საარჩევნო შედეგები მხოლოდ და მხოლოდ ათეული პროცენტით ცდება მონაცემებს. დასკვნა თავად საზოგადოებამ გამოიტანოს. თუ მეტყვით, რომ ვენდო ასეთ კვლევებს, რა ვიცი, დავფიქრდები, მაგრამ გამიჭირდება. მე შეფასებას კი არ ვაკეთებ, დასკვნას ვაკეთებ. ეს ფაქტები სასაცილოს ხდის კვლევის შედეგებს. დასკვნა ძალიან მარტივია, ტენდენციურია, რადგან  ხდება კონკრეტული ლიდერების თუ კონკრეტული პარტიების მიმხრობა იმის მიხედვით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი.

გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.