ქართველი ხალხი მაჟორიტარებს უკეთ შეარჩევს, მაჟორიტარები ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას – დიმიტრი ხუნდაძე

0
195

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაზე საკუთარი ხელმოწერით შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, დროა, ეს შეცდომა გამოსწორდეს და ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე 2020 წლისთვის უნდა გადავიდეს.

„ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არსებულ ვითარებასა და რეალობაში მაჟორიტარული სისტემა საუკეთესო საშუალებაა, რომ ხალხს მივანდოთ არჩევანი, საკუთარი წარმომადგენლები პირდაპირ აირჩიოს და პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტდეს. ასეთი სისტემებია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ქართველი ხალხი მაჟორიტარებს უკეთ შეარჩევს, მაჟორიტარები იქნებიან კარგად ამოცნობადი და ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას, რომელთა დასახელებები საკმაოდ ჭრელია. ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, რომელი პარტიის უკან რომელი პოლიტიკოსი დგას. „ქართული ოცნება“ იმით ამაყობს, რომ ქვეყანა 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადადის, მაგრამ ამაში საამაყო არაფერია“, – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ დაჩი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი და მერაბ ქვარაია.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რადგანაც ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებები და 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რატომ წარადგინა იმ დროს, როცა „ქართულ ოცნებას“ 113 ხმის შეგროვების რესურსი არ აქვს, ხუნდაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მედია უპერსპექტივოს უწოდებდა იმ მცდელობას, რაც მაჟორიტარ დეპუტატებს ჰქონდათ, რომ კონსტიტუციურ პროექტს დაამუხრუჭებდნენ. მაგრამ, მისი თქმით, უმრავლესობის წევრები დღეს ახალი ინიციატივით გამოდიან და ეცდებიან, ის რეალობად იქცეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მის მიღებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა.