სი ძინპინის მარცხი – მოსახლეობის მძაფრი პროტესტი ჩინეთის ლიდერის პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

0
230

„ჰონკონგში შექმნილი სიტუაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერისათვის ნამდვილ კოშმარს წარმოადგენს“, – წერს ბრიტანული გაზეთის Financial Times-ის კოლუმნისტი გიდეონ რახმანი., – მან თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად ქვეყნის ძლიერებისა და ღირსების აღდგენა განიზრახა, მაგრამ ამის ნაცვლად სუვერენული ტერიტორიის ნაწილი ძალადობაში და ანარქიაში ჩაძირა“.

როგორც ავტორს მიაჩნია, „ჩინეთის ლიდერი  კრიზისის მთავარი და უპირველესი მიზეზი რომც არ იყოს, მას მაინც პასუხისნმგებლობა ეკისრება ჰონკონგში არსებული  სიტუაციისათვის – იმიტომ, რომ სი ძინპინი ხელისუფლებაში უკვე 7 წლის განმავლობაში იმყოფება და ამ ხნის მანძილზე ჩინეთი თანდათან ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ბევრი წარსულში ცნობილი ფიგურა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა, დაახლოებით მილიონი ადამიანი იქნა გაგზავნილი ე.წ. „ხელახალი აღზრდის“ ბანაკებში, ხოლო სიტყვის თავისუფლების იგნორირება და კანონის დარღვევები ხელისუფლების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

სი ძინპინი მაო ძედუნის მეთოდებს უბრუნდება?

დიახ, ფორმულის „ერთი ქვეყანა – ორი სისტემის“ განხორციელება რთულია და მასში თავიდანვე ჩადებული იყო დაპირისპირება, თუმცა ჩინეთის ხელისუფლებაში სი ძინპინის მოსვლამდე 15 წლის განმავლობაში წინააღმდეგობა როგორღაც ბალანსდებოდა. ჰონკონგის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ 2047 წლისათვის, ანუ იმ დროისთვის, როცა მათი განსაკუთრებული ადმინისტრაციული რაიონი მთლიანად გადავიდოდა პეკინის კონტროლის ქვეშ, მანამდე ჩინეთი უფრო ლიბერალური ქვეყანა გახდებოდა… მაგრამ ამის ნაცვლად სი ძინპინის დროინდელი ჩინეთი სულ უფრო მეტად მოგვაგონებს მაო ძედუნის დროინდელ ჩინეთს.

შესაბამისად, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ჰონკონგელები დღეს შიშით შეჰყურებენ 2047 წლის მოახლოებას: რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის უმეტესობა ხომ ახალგაზრდები არიან, რომლებიც 2047 წლისათვის ჯან-ღონით სავსე ადამიანები იქნებიან…  მათ სრულებითაც არ სურთ მაოისტური ლოზუნგებით ცხოვრების პერსპექტივა. ამიტომ ისინი მართლაც ნამდვილად იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისათვის, თუნდაც არცთუ მთლად ცივილიზებული მეთოდებით“, – წერს გიდეონ რახმანი.

 

„ძალის გამოყენებით პრობლემა არ წყდება“

ამასობაში კი ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინიდან ჰონკონგელებს გუშინ, 18 ნოემბერს, პოლიციის ახალ შეფად კრის ტანგი დაუნიშნა. მან ყველა მოქალაქეს საპროტესტო აქციის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია გრძელდება.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ჰონკონგის მთავარი წესრიგის დამცველის განკარგულებაში 30 ათასამდე პოლიციელია, მან გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ისიც აღიარა, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებით პროტესტების შეწყვეტა შეუძლებელია.

ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციისა და დემონტრანტების დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს. ამჟამად საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდქალაქში არიან შეკრებილნი.

პროტესტანტების აზრით, ჩინეთის ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებას ჰონკონგისათვის დემოკრატიული გარანტიების მიცემის თაობაზე, რომელიც პეკინმა 1997 წელს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის გადაცემის დროს ივალდებულა. ჰონკონგელები ასევე აღშფოთებულები არიან იმით, რომ პოლიცია ძალას გადაჭარბებულად იყენებს.

თავის მხრივ, პეკინი კატეგორიულად აცხადებს, რომ ჩინეთი ერთგულად იცავს პრინციპს „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“ და კატეგორიულად უარყოფს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკეს.

 

წყაროები:

„ფაინენშელ თაიმსი“ – https://www.ft.com/content/15f3a7b2-09e8-11ea-b2d6-9bf4d1957a67

„ბი-ბი-სი“ – https://www.bbc.com/russian/news-50468930