IRI – საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა ცვლილებას

0
197

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა ამისა, გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტი არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“,- აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.