გიგი უგულავა – ყველაფერი გაგრძელდება, არაფერი დამთავრებულა

0
194

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის სასაუბრო თემა ქვეყანაში მიმდინარე საკითხები იყო.

„შეხვედრის თემა მიმდინარე საკითხები იყო. მათ შორის ის საკითხიც უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პარალელურად პოლიცია ხალხის დაჭერას განაგრძობს. ელისაშვილს იჭერდნენ და ხალხმა გამოსტაცა. პაატა მანჯგალაძეს ვაშაძის პარტიიდან რომ დაიჭერ, უკვე ტვინი თავში აღარ გაქვს და გადახურებული გაქვს. „გალერია თბილისის“ წინ აქეთ იქით რობოკოპებია ჩალაგებული. იქ ხომ არაფერი არ ხდება? ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა, მართლა შიზოფრენიკმა, გადაწყვიტა, რომ ამით ხალხს შეაშინებს?! დიპლომატიური კორპუსი ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ქვეყანა ნორმალურ წესრიგს დაუბრუნდეს.

პროტესტი გაგრძელდება. აქ საკითხი ისე კი არ დგას, პროტესტს ჩვენ როგორ ვაგრძელებთ, აქ საკითხი სხვანაირად დგას. ხელისუფლება კიდევ რას იზამს, 10, 20, 30 შენობას დაიცავს? რობოკოპების გამოფენას მოაწყობს?! ყველაფერი გაგრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა. პირველი მისია შესრულებულია. კატაკომბაში სხედან ჟურნალისტების და ოპოზიციის გარეშე. ეს კობზონი ბრეჟნევივით ზის და ბიუროს სხდომას ატარებს. ძალის გადამეტება იყო. ხალხს იჭერენ, რამდენიმე ადამიანი კინაღამ დაიხრჩო“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, საქართველოში გერმანიის ელჩმა აქტივისტებს მშვიდობიანი აქცია მიულოცა.

„მთავრობის მიმართ კორექტულობას რომ ინარჩუნებს ისეთი ელჩი, როგორიც გერმანიის ელჩია, მან თქვა, ხაზგასმით და ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს მოგვილოცა კიდეც მშვიდობიანი აქცია, რომელზეც არარაციონალურად, არაგონივრულად და ძალის უაზრო გამოყენებით იმოქმედა ხელისუფლებამ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა ელჩებს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ოფიციალურ მიმართვას დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ხვალ გაავრცელებენ.