150 მანდატიდან 60 – რატომ ამბობს მიღწეულ შედეგზე რადიკალური ოპოზიცია უარს

0
387

 

2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორი ელჩების მხარდაჭერით გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას და აგრეთვე, საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს.
2020 წლის ზაფხულში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, შეიცვლა;

• პარლამენტის არჩევის წესი – ნაცვლად 77/73- ისა, ერთჯერადად შემოღებულ იქნა – 120 მანდატი პროპორციული და 30 მანდატი მაჟორიტარული სისტემა.
• საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და საარჩევნო ბლოკებისთვის განისაზღვრა 1%-ით.
• მნიშვნელოვნად შეიცვლა საარჩევნო კანონმდებლობა და გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო.

უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ბარიერი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ დაბალი გახლავთ, ასევე უპრეცედენტოა პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების შეფარდება- 4/1. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს, საპარლამენტო ოპოზიციამ ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ხმა არ მისცა. ასევე, საპარლამენტო პარტიამ ,,ევროპული საქართველო“ მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. რომ არა ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და დამოუკიდბელი დეპუტატების მხარდაჭერა, ცვლილებების მიღებას დიდისაფრთხე ემუქრებოდა.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მოთხოვნები, რომლის მისაღწევადაც ოპოზიციის მთელმა სპექტრმა აქტიურად იმუშავა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ფაქტობრივად, იბრძოლა ქუჩის აქციებით, პიკეტებითა და სხვა მეთოდებით, ხელი მოაწერა 8 მარტის ხელშეკრულებას და პარლამენტში არ მისცა ხმა? მიზეზი ერთადერთია – საქართველოში ორპოლუსიანი, მკვეთრად დაპირისპირებული ორპარტიული სისტემის შენარჩუნება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვალია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილისთვის.

ჯერ კიდევ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების მერე, სრულად პროპორციული და უბარიერო სისტემის (ხელოვნური ბარიერი 0%, ბუნებრივი ბარიერი 0.67%) შეთავაზებას, უარყოფითად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და ყველა პოლიტიკოსს ვინც ამ სისტემას დათანხმდებოდა, სულელი ან ,,ქართულ ოცნებაზე“ მიყიდული უწოდა. მაშინაც, მიზეზი ორპოლუსიანი სისტემის მაქსიმალურად შენარჩუნება, მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისათვის და განვითარებისთვის ხელისშეშლა გახლდათ. 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო და სხვა საკანონდებლო ცვლილებების ამოცანა- ორპოლუსიანი, ორპარტიული სისტემის დაშლისკენ და მრავალპარტიული სისტემისკენ, შესაბამისად, მრავალპარტიული პარლამენტის (რაც მომავალში კოალიციური მთავრობის საფუძველი გახდება) მისაღებად გადადგმული ნაბიჯები იყო და ამის შედეგი, მალევე გახდა ხელმისაწვდომი.

პარტიების უპრეცენდენტო რაოდენობამ, 69 სუბიექტმა მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რეგისტრაციის მოთხოვნით და საარჩევნო ბიულეტენში 50 სუბიექტი იყო მითითებული. კიდევ უფრო შთამბეჭდავი არჩევნების შედეგები გამოდგა, 1% საარჩევნო ბარიერი (1992 წლის მერე პირველად) 9 საარჩევნო სუბიექტმა, ჯამში 14 პარტიამ გადალახა და პარლამენტში, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების თითქმის 94% – ს ინტერესები აისახა.
რეფორმის შედეგები მაქსიმალურად იქნა მიღწეული, თუმცა სწორედ მიღწეული შედეგები აღმოჩნდა მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა რადიკალური პარტიებისათვის. არჩევნები, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ და მთელმა მსოფლიომ აღიარა ,,გაყალბებულად“ გამოაცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 150 მანდატიდან 60 მანდატი ოპოზიციას ეგრო, ასეთი ფართო და ძლიერი წარმომადგენლობა ოპოზიციას ჯერ არასდროს ჰქონია, თუმცა როგორც ჩანს, პარლამენტის საბოტაჟის მიზეზი სხვა რამ გახლავთ.
2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველოს პარლამენტი აირჩევა სრულად პროპორციული სისტემით, უქმდება საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება და ბარიერი იქნება 5%. ასევე, სრულად უქმდება მაჟორიტარული სისტემა. სწორედ საარჩევნო ბარიერის 5% -ის შენარჩუნება და 3%-ის აწევა(რასაც ითხოვს ოპოზიციის დიდი ნაწილი) არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი ამოცანა, არ მოხერხდეს ამ მოწვევის პარლამენტში 113 ხმის, კოსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების მობილიზება და საარჩევნო ბარიერის დაწევა, რადგან ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ მაღალი 5% ბარიერის გადალახვა მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ. შესაბამისად, 2024 წლის პარლამენტი კვლავ ორპარტიული, პოლიტიკური სისტემა კი, ორპოლუსიანი დარჩება. ,,შუის გაკრეფის“ მიზანი კი, 100% იქნება შესრულებული.