ცხინვალმა „წითელი ჯვრის კომიტეტს“ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების პირობა მისცა

0
155

„წითელი ჯვრის“ დელეგატებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შესაძლოა, დღეს მოინახულონ. ამის შესახებ “პირველ არხი” „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაია ქარდავაზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახმა მათ უკვე მიმართა ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების თხოვნით.

ქარდავას ინფორმაციით, წითელი ჯვრის დელეგატები დაუკავშირდნენ ცხინვალის მხარეს და მოითხოვეს, მისცემოდათ ექიმის მონახულების შესაძლებლობა.

მაია ქარდავას განცხადებით, ისინი ცხინვალთან კავშირზე იყვნენ შაბათ-კვირის განმავლობაში და მიიღეს დაპირება, რომ უქმე დღეების დასრულებისთანავე მიეცემოდათ დაკავებულთან შესვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ უკვე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძლებენ ცხინვალის იზოლატორში შესვლას.

მაია ქარდავას განმარტებით, ეს იქნება „წითელი ჯვრის“ დელეგატებისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პირისპირ შეხვედრა, მესამე პირის გარეშე. ვიზიტის შესახებ ყველა ინფორმაციას კი ოჯახს მიაწვდიან.

მაია ქარდავას თქმით, მათი მხრიდან მხოლოდ ოჯახი იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმყოფება დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი.