ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

0
187

ფოთის საკრებულომ თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ თხოვნით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მიმართა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ირაკლი კაკულია ორ მოქმედ და ერთ ყოფილ საჯარო მოხელესთან ერთად 8 ნოემბერს დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 10 ნოემბერს შეუფარდა.

საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

შვიდივეს გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი გირაო შეუფარდა.