ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ – გედევან ფოფხაძე

0
233

არც ერთ აქციას უნდობლობას არ ვუცხადებ და ზოგადად, მიმაჩნია, რომ არის ერთიანი პროტესტი უსამართლობის წინაშე, – ასე შეაფასა თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციები დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. მისი თქმით, როცა ხდება საჯარო დაპირება, უნდა სრულდებოდეს.

„აქ ვიმოძრავებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ერთ აქციას უნდობლობას არ ვუცხადებ და ზოგადად, მიმაჩნია, რომ არის ერთიანი პროტესტი უსამართლობის წინაშე. ახლა ამ პროტესტს ვინც უნდა გამოხატავდეს, ის არის მართალი და უსამართლობა მოხდა, ეს უსამართლობა არის გამოსასწორებელი და ახლა როგორ გამოასწორებს ხელისუფლება, ამაზე მე მიჭირს საუბარი. საარჩევნო სისტემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, რა განწყობებიც აქვს ხალხს, ის განწყობები უნდა აისახოს მომავალ პარლამენტში. ეს თუ არ მოხდა, ეს გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, თორემ არანაირად არავის არ აინტერესებს, რომ პოლიტიკური პროცესები იყოს ქუჩაში. უბრალოდ, როცა ხდება საჯარო დაპირება, უნდა სრულდებოდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, აქციების მონაწილეების ოთხოვნა სამართლიანი, რადგან ხელისუფლება ძალიან უსამართლოდ მოიქცა.

„ასეთი საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან უნდა იწვევდეს იმ ხელისუფლების პოლიტიკურ კრახს და პოლიტიკურ დასასრულს. მე არ მინდა, პოლიტიკური დასასრული ამა თუ იმ ხელისუფლების რაიმე ფორმით შეეხოს ჩემი ქვეყნის სტაბილურობას და მის პოლიტიკურ სიკეთეებს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

ის ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ აქციების მოთხოვნის მიმართ არის სოლიდარული და არ არის მათ ორგანიზატორთა შორის.

„არსად შეჭრა საჭიროდ არ მიმაჩნია, თუ ხელისუფლება არ გადავა რაღაც კანონიერების ჩარჩოებს, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ახლანდელი ხელისუფლება უკვე ლეგიტიმაციის ჩარჩოებიდან გავიდა, არ მგონია, რომ რაიმე შენობების უკანონო დაკავება იყოს სწორი პასუხი ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობაზე. ამიტომ, მგონია რომ საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, მშვიდობიანად“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არსებითი არ არის.

„მე მაინც და მაინც ამ მოთხოვნის გამო განსაკუთრებულ საპროტესტო განწყობებს ვერ შევიქმნი, რადგან მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები აწყობს ორ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ასეთი არჩევნებისთვის ნაკლებადაა მზად. მე არ მინდა ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი და ამიტომ, მსურს, მორიგი არჩევნები პროპორციული სისტემით, ამას ველოდებით ჩვენ იმ კენჭისყრებიდან, რომელიც ხელისუფლებამ არასწორად ჩაატარა, რიგგარეშეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში უფრო დაკავშირებულია ემოციურ ფონთან ვიდრე რეალურ საჭიროებასთან, რადგან ჯობს, ხალხმა ექვსი თვით უფრო გვიან გააკეთოს სწორი არჩევანი, ვიდრე ექვსი თვით ადრე გააკეთოს ემოციური არჩევანი. ამიტომ, ჩემთვის ეს მოთხოვნა ასეთი რელევანტური არ არის, მაგრამ ვინაიდან, ზოგადი პროტესტი უსამართლობასთან მიმართებაში არის და ეს პროტესტი არის სამართლიანი, მე ამ სივრცეში ავტომატურად მოვექეცი“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.