პარლამენტთან დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების აქტივისტები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან

0
232

თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების  აქტივისტები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თბილისში აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდან 200-მდე ადამიანი მოემართება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღირსეულ პასუხს გასცემენ, რადგან მან ქართველი ხალხი მოატყუა.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 100-მდე წევრი და მხარდამჭერი დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან გამოემგზავრა.

როგორც ამბობენ, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს შევიკრიბეთ ფოთშიც, რამდენიმე ლოკაციაზე. სამარშუტო ტაქსებით მივემგზავრებით დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე. ყველა მათგანი გმობს ,,ქართული ოცნების” ქმედებებს. ვართ ხალხის გვერდით. ჩვენი სურვილია, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ“, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა.

პარლამენტთან „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.