არ ვიცი, რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ – თამარ ჩუგოშვილი

0
159

არ ვიცი რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად გუშინ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.

კითხვაზე, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, რა პერსპექტივა ექნება მას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს, თუ საკითხი ხელახლა დადგება დღის წესრიგში.

„ძალიან გამიხარდება და მხარს დავუჭერ, თუ ხელახლა დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუშინ პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პასუხი გაეცა კითხვას, საარჩევნო სისტემას ქვეყანა ცვლის თუ არა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ამან განაპირობა ჩემი და ჩემი კოლეგების ის მძიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გუშინ მოგვიწია. არ ვიცი, რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი იმაზე, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა ყოფილ თანაგუნდელებთან.

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ ის, რომ გადაწყვეტილება რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, ძალაშია“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გაიზარდოს იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც უმრავლესობას დატოვებენ, ჩუგოშვილი ამბობს, რომ სხვის ნაცვლად განცხადებებს ვერ გააკეთებს.

„უმრავლესობაში ბევრი ადამიანია, რომლისთვისაც გუშინდელი კენჭისყრის შედეგები ძალიან მძიმე იყო. რომლებიც ძალიან პრინციპულად უჭერდნენ მხარს საარჩევნო სისტემის შეცვლას და შესაბამისად, სრულიად მოულოდნელი იყო და შოკისმომგვრელიც კი, რა შედეგიც ტაბლოზე აღმოჩნდა ბოლოს. დანარჩენზე ყველა ჩემმა კოლეგამ თავად უნდა ისაუბროს თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ვინმეს ნაცვლად განცხადებებს არ უნდა ვაკეთებდე. თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, მათ საკმარისი გონიერებაც და დამოუკიდებლობაც და გადაწყვეტილების მიღების უნარიც აქვთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მისი გადაწყვეტილება განაპირობა, საერთაშირისო ასპარეზზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი იყო.

„ორივე მომენტი იყო პირადად ჩემს გადაწყვეტილებაში; ერთი ის, რომ გუშინ საარჩევნო სისტემის შეცვლა ქვეყანაში განაპირობებდა სხვაგვარი პოლიტიკის განვითარებას. მეორე არის ის, რომ ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ამერიკაში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგსა და სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. მე თვითონ შევქმენი ძალიან მაღალი მოლოდინები, რადგან პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. ამ ადამიანებს ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა. ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის, რომ განცხადებები მათი მხრიდან მწვავეა არ მიკვირს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე, სადაც საკითხი განიხილებოდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ „ჩვენ ეს ცვლილება უნდა მივიღოთ“.

„სცენის მიღმა რა პროცესები იყო და გუშინდელ შეხვედრამდე როგორ მივედით, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარია შედეგი. გუშინ ცუდი შედეგი დადგა. ეს შედეგი პირველ რიგში მმართველი გუნდის, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ის „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობების დაკავებასაც აპირებს.

„ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს, ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ამ თანამდებობებსაც დავტოვებ“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შანსები განულდა.

„ეს შეეხება როგორც საარჩევნო რეფორმებს, ასევე ყველა საკითხს და პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. ვეღარ წარმომიდგენია როგორ შეიძლება, რომ რაიმე თემაზე პოლიტიკური შეთანხმება ამ ქვეყანაში გუშინდელი დღის შემდეგ შედგეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რეალისტურად არ მიაჩნია.

„ვადამდელი არჩევნების საბაბს და საფუძველს ვერ ვხედავ. ამ აქციებზე დგომას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე პროცესების ქუჩაში გადატანას არ ვემხრობი. პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან და პოლიტიკური ორგანოებიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.