ჰონგ კონგში მორიგი აქცია მსხვერპლით დასრულდა

0
246

ჰონგ კონგში დემონსტრაციების დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის  ინფორმაციით, დაღუპულია 70 წლის ასაკის მამაკაცი.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრაციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს მას თავის არეში მყარი საგანი მოხვდა. შემთხვევა სასაზღვრო დასახლება შეუნგ-შუიში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ პოლიციასთან შეტაკების დროს, 22 წლის სტუდენტი დაიღუპა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, ჰონგ კონგი ამჟამად ჩინეთის მმართველობის ქვეშ არის „ერთი ქვეყნისა და ორი სისტემის“ პრინციპით. აღნიშნული მოდელის მიხედვით ჰონგ კონგს ავტონომია აქვს. მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. მაშინ, როდესაც ადგილობრივმა მთავრობამ განსახილველად ექსტრადირების კანონი გაიტანა. კანონპროექტის მიხედვით, ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირება შესაძლებელი ხდებოდა. ჰონგ კონგელები კი შიშობდნენ, რომ კანონი მათ თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას შეზღუდავდა.

აქციების დაწყების შემდეგ კანონი უკან გაიწვიეს. თუმცა აქტივისტებს მოთხოვნები მალე შეეცვალათ. ახლა მანიფესტანტები თავისუფალ არჩევნებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის დამოუკიდებელ გამოძიებას, ორი ათასზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.