ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს – ადვოკატი

0
168

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან კვიციანის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განაცხადა.

ადვოკატი ბექა კვიციანთან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კვიციანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლოს წაუყენებენ.

„ბრალდებაზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საქმის მასალები არ მაქვს, მისი გაცნობის შემდეგ შემეძლება საქმის ვითარებაზე მოგახსენოთ.

რთული მდგომარეობა დამხვდა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის. მე, როგორც მის დამცველს, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა იმ ბრალდების ირგვლივ, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. შევეცადე, რომ მეტი კონკრეტიზაცია შემეტანა ჩვენს საუბარში, მაგრამ მან ფიზიკურად ვერ შეძლო პასუხების გაცემა, რადგან არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რასაც მდგრადი მდგომარეობა ჰქვია“, – განაცხადა მანელიძემ.

ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანი გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.