პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

0
222

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2006 წლის ზაფხულში კუდ-მა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობის დაწესება გადაწყდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა დაგეგმეს, რაც სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა. ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო.

თავდასხმამდე კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს,  ჯემალ შამათავას პატარკაციშვილის სახლთან მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფების მოხსნა დაავალეს. შამათავამ კი სახლის კომენდანტი მოკლეტექსტური შეტყობინებით გააფრთხილა.

მომხდარის გამო კუდ-ის ხელმძღვანელობამ შამათავას დასჯა გადაწყვიტა. კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი დგებუაძის ორგანიზებით შამათავას უკანონოდ დაკავების გეგმა შემუშავდა, რომლის განხორციელებაშიც ქარდავა, ქოქაშვილი და გამგებელი აქტიურად მონაწილეობდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. წინასასამართლო სხდომა 27 დეკემბერს, 15:00 საათზე დაინიშნა.