აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ

0
418

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მისცემენ დეპუტატების საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.

„სამივე შესასვლელის დაკავებას ვიწყებ. რაც შეიძლება სწრაფად ქუდზე კაცი უნდა მოვიდეს. ახლა აღარ არის დალოდების დრო. ვიწყებთ ამ წუთიდან სამივე შესასვლელი ჩაკეტვას, რადგან ეს მოღალატეები აღარ გამოვუშვათ შენობიდან. თუ შსს-მ იკადრა და ჩვენი ხელოვნურად გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას. თქვენ დღეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშით, გამოუსწორებელი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არ გაპატიებთ“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.