დავით ბაქრაძე – ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი, არაფერს გამოვრიცხავ

0
195

ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ გადასახედიდან, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება დასრულებულია.

„ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.