სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება

0
243

ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება, – ამის  შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პროპორცული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ცავარდნის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებასთან გამართავს ფართო კონსულტაციებს, რათა გააპროტესტონ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციული სისტემის პროექტის დღევანდელი კენჭისყრის შედეგი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით,სავარაუდოდ, დღესვე  პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში გავმართავთ ძალიან ფართო კონსულტაციებს, როგორც სხვა პარტიებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე, შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, დღესვე. ვფიქრობ, რომ გადავალთ საგანგებო რეჟიმში. მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროტესტისა და დაუმორჩილებლობის კამპანია უნდა დავიწყოთ, რადგან რეალობა ძალიან ნათელია – ივანიშვილმა მოიხსნა უკვე ყველანაირი ნიღაბი და პირდაპირ გადადის ძალადობაზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ივანიშვილს არ უშველის არც ჩაგდება საკონსტიტუციო ცვლილების, რადგან რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, მას არანაირი შანსი აღარა აქვს ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების. უბრალოდ, დღეს მან გაამწვავა პროცესები, როდესაც დადგა  სპექტაკლი, რომელსაც ყველამ ერთად ვუყურეთ საქართველოს პარლამენტში, თითქოს ივანიშვილის პირადი ყურის ექიმი  აღმოჩნდა სპარტაკის როლში აჯანყებულების ლიდერად. ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის დაპირებაც გასცა ივანიშვილმა. დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ქვეყნის გასათავისუფლებლად ივანიშვილის დიქტატურისგან. ამიტომ, ჩვენ გვიხილავთ ყველასთან ერთად, ვისაც სურს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.