არჩილ თალაკვაძე – 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით

0
160

2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დეპუტატების ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

„2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ორი სხდომა გამართა და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარის ხმების მობილიზება სხდომაზე ვერ მოხერხდა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.