ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?

0
189

ესპანური გამოძიების ვერსიით, რუსეთის წარმომადგენლებს, 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის დამოუკიდებლობის უკანონოდ გამოცხადების წინ, კონტაქტები ჰქონდათ კატალონიელ სეპარატისტ-პოლიტიკოსებთან. ამის შესახებ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, სტატია სათაურით „სასამართლო კატალონიის უკანონო დამოუკიდებლობის მხარდამჭერებში რუსულ კვალს ეძებს“ გამოაქვეყნა კარგად ინფორმირებულმა ესპანურმა გაზეთმა El Periódico-მ, რომელიც იმოწმებს თავის წყაროებს – ბარსელონის სასამართლოს მოსამართლეს ხოაკიმ აგირეს, აგრეთვე ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის (ჟანდარმერიის) წარმომადგენლებს. სწორედ ისინი სწავლობენ სავარაუდო „რუსულ კვალს“ ორი წლის წინ კატალონიაში მომხდარ მოვლენებში.

პუბლიკაციაში რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომლის გვარი არ მჟღავნდება, „ვლადიმერ პუტინის ემისრად“ არის მიჩნეული. მასთან თითქოსდა მოლაპარაკება ჰქონდა ცნობილ კატალონიელ პოლიტიკოსს ვიქტორ ტარადელიასს, რომელიც ამჟამად დაკავებულია და მის საქმეს იძიებენ. როგორც El Periódico წერს, „ემისარს“ შეხვდა აგრეთვე კატალონიის მაშინდელი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონიც, რომელიც დღეს ესპანურ თემიდას ქვეყნის საზღვრებსგარეთ ემალება.

შეხვედრა „კრემლის ემისართან“

გამოძიების ვერსიის მიხედვით, კარლეს პუჩდემონმა WhatsApp-ის მეშვეობით 2017 წლის 25 ოქტომბერს, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ორი დღის ადრე, შეტყობინება მიიღო იმ მომლაპარაკებელ შუამავლისაგან, რომელსაც რუსებთან ჰქონდა კავშირი: „ჩვენ მათთან მუდმივი კავშირი გვაქვს. ისინი ჩინეთის პოზიციის გამოვლენას ელოდებიან. შენ კი (იგულისხმება კარლეს პუჩდემონი), სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამ, მანამ აუცილებელია ვიდეოკავშირით „პუ“-ს გაესაუბრო“, – ნათქვამია შუამავლის შეტყობინებაში. როგორც გამოძიება თვლის, „პუ“ – ეს ვლადიმერ პუტინია.

სხვათა შორის, ვიქტორ ტარადელიასი კარლეს პუჩდემონისადმი 26 ოქტომბერს გაგზავნილ შეტყობინებაში, იმ ვიღაც რუსეთის მოქალაქეს უკვე პირდაპირ უწოდებს „პუტინის ემისარს“. შესაბამისად, კარლესი მას შეხვედრას უნიშნავს თავის ოფიციალურ რეზიდენციაში – კანონჟესში, რომელიც რეგიონული მთავრობის – პალაუ-დე-ჟენერალიტატის სასახლის ახლოს მდებარეობს. მათი მოლაპარაკების შინაარსი უცნობია. მასმედიის კითხვებს ესპანეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა უარით უპასუხეს და განაცხადეს, რომ ეს ჯერ-ჯერობით გამოძიების საიდუმლოებას წარმოადგენს.

„ჩინეთო, მოგვეცი 11 მილიარდი“

როგორც მადრიდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ფერნანდო გუტიერესი ამბობს, კატალონიერლ სეპარატისტებს მოსკოვისაგან, ალბათ, თავიანთი პოლიტიკური გეგმებისადმი მხარდაჭერა სურდათ“. ისინი ანალოგიურ მხარდაჭერის მიღწევას ცდილობდნენ ჩინეთისგანაც, თუმცა მათ პეკინის მიმართ დამატებითი თხოვნაც ჰქონდათ – 11 მილიარდი ევრო მომავალი დამოუკიდებელი კატალონიის ცენტრალური ბანკისათვის, სავალუტო რეზერვების სახით.

თუმცა, პოლიტოლოგის თქმით, კატალონიელმა სეპარატისტებმა უცხოეთიდან დახმარების მიღება ვერ მოახერხეს, იმდენად სწრაფი იყო ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლების რეაგირება ბარსელონელი სეპარატისტების მიმართ: ოპერატიულად იქნა გაუქმებული კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი, რეგიონს ავტონომიის სტატუსი ჩამოართვეს, ადგილობრივი პარლამენტი და მთავრობა გაუშვეს, ხოლო დამოუკიდებლობის მსურველი პოლიტიკოსები და იდეის სულისჩამდგმელები დააპატიმრეს. მართალია, ზოგიერთმა საზღვარგარეთ გაქცევა მოასწრო, მაგრამ ესპანური თემიდა იმედოვნებს, რომ ისინი საკადრის სასჯელს მიიღებენ.

„ძვირფასო ვლადიმერ ვოლფოვიჩ!“

ტელეფონი, რომელშიც ზემოთ მოხსენიებული შეტყობინენები იყო შენახული, სეპარატიზმის მხარდამჭერ საზოგადოებრივი ორგანიზაცია  „კატმონის“ ოფისში ჩხრეკის დროს პოლიციამ იპოვა. სხვათა შორის, „კატმონს“ ვიქტორ ტარადელიასი ხელმძღვანელობდა. იმავე ოფისში იქნა აღმოჩენილი ერთ-ერთი დოკუმენტი, ხელნაწერის სახით, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემინიაზე მიწვევას ეხება. მასში, კერძოდ, ასეთი ჩანაწერიც არის: „ძვირფასო ვლადიმერ ვოფოვიჩ! ჩვენთვის ცნობილია თქვენი მტკიცე პოზიცია  დემოკრატიული უფლებების დაცვის საქმეში, ამიტომაც გიწვევთ პარლამენტის სხდომაზე, რომლის დროსაც კატალონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდება“. El Periódico-ს მონაცემებით, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სწორედ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სახელმწიფო სათათბიროს წევრი ვლადიმერ ჟირინოვსკი შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი კატალონიის მთავარ სეპარატისტს კარლეს პუჩდემონსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის.

ცნობილია, რომ ვიქტორ ტარადელიასის მოლაპარაკება რუსეთის წარმომადგენლებტან საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში იგი მოსკოვშიც იმყოფებოდა. გაზეთი ასევე წერს, რომ ამჟამინდელი „რუსული კვალი“ შემთხვევით იქნა ნაპოვნი – კატალონიის ყოფილ მთავრობაში კორუფციული სქემების გამოძიების პროცესში, რომელშიც ვიქტორ ტარადელიასიც მონაწილეობდა.

რუსული მასმედია – კატალონიელი სეპარატისტების მხარდამჭერი

გაზეთში გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, პროფესორმა ფერნანდო გუტიერესმა აღნიშნა, რომ კატალონიის მოვლენებში რუსეთის მოქალაქეების ჩარევის თაობაზე გამოძიება პირველი არ არის. მან გაიხსენა, რომ 2017 წელს ეს საკითხი ესპანეთის პარლამენტშიც დაისვა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ კატალონიელ სეპარატისტთა ვებ-საიტები რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდა. ესპანეთის სასამართლომ, სეპარატიზმის პროპაგანდის გამო, მათი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პოლიციამ, გასაგები მიზეზებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ შეძლო.

პროფესორის თქმით, იმ ხანებშივე დადგინდა, რომ სოციალურ ქსელებში სეპარატიზმის პოპულარიზებას რუსული „ბოტები“ ახორციელებდნენ. ვრცელდებოდა უამრავი პოსტი და ჩანაწერი კატალონიის სეპარატიზმის მხარდაჭერით, ხდებოდა მათი გამრავლება და მოწონება…

იმავდროულად ამ საკითხის შემსწავლელმა ესპანელმა სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ რუსულენოვანი მასმედია კატალონიის მოვლენებს ტენდენციურად აშუქებდა. იგივე ხდებოდა ტელეარხ Russia Today-სა და სააგენტო „სპუტნიკის“ მიერ ესპანურ ენაზე.

მოსკოვის სიტყვა და საქმე

იმ ხანებში მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა რაიმე კავშირს კატალონიის მოვლენებთან – „თუ ვინმე ინტერნეტში რაიმეს აკეთებს, ისინი უცნობი ჰაკერები არიანო“, – ასეთი იყო მოსკოვის პოზიცია. რაც შეეხება პუბლიკაციებს რუსეთის სახელმწიფო მასმედიაში, ამ შემთხვევაში მოსკოვის არგუმენტი ასეთი იყო: „თუ რაიმე იწერება პრესაში, ეს ცალკეული ჟურნალისტების პირადი პოზიციის გამოხატულებას წარმოადგენსო“. საბოლოოდ, ესპანეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ რუსეთის როგორც სახელმწიფოს ჩარევა მათი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ დასტურდება.

როგორც პროფესორი ფერნანდო გუტიერესი ამბობს, ახლა საქმე სხვაგვარად დგას: ახალ გამოძიებაში, როგორც ჩანს, „კონკრეტული პირები და სახელები ფიგურირებენ და სავარაუდოდ, მათში რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩანან“.

„საქმე შეიძლება ერთობ სერიოზული აღმოჩნდეს, ამიტომაც რაიმე წინასწარმეტყველური და სავარაუდო დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, – თვლის პროფესორი. მისი აზრით, „საჭიროა დაველოდოთ გამოძიების დასრულებასა და ესპანეთის ხელისუფლების ოფიციალურ რეაქციას“.

 

წყაროები:

El Periódico (ესპანეთი, ბარსელონა) – https://www.elperiodico.com/es/politica/20191113/juez-investiga-trama-rusa-independencia-catalunya-puigdemont-7733376;

Deutsche Welle (გერმანია) – https://p.dw.com/p/3Sxbo