ჯანმო-ს ექსპერტებმა უჰანის ბაზრობა მოინახულეს

0
79

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობას იკვლევს, ჩინეთში, კერძოდ ქალაქ უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრობას ესტუმრა, რომელიც COVID-19-ის გავრცელების ადგილად მოიაზრება.  ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

მანამდე, ჯანმო-ს ექსპერტებმა უჰანის ორი საავადმყოფო  მოინახულეს. ისინი ასევე ესტუმრნენ კოვიდის ადრეული ისტორიისადმი მიძღვნილ მუზეუმსაც.

გამოცემის ცნობით, საეჭვოა, რამდენად მოახერხებს ჯანმო-ს სამეცნიერო გუნდი იმის დადასტურებას, რომ ინფექცია მართლაც უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან გავრცელდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამგვარ კვლევებს, მათ შორის ნიმუშების აღებასა და გენეტიკურ ანალიზებს, რამდენიმე წელი სჭირდება.

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ინფიცირებულმა ბრაკონიერმა დაავადება მოვაჭრეებს გადასდეს, რომლებმაც იგი უჰანში მიიტანეს. სხვა ვერსიის თანახმად, რომელსაც ჩინეთის მთავრობა იზიარებს, ვირუსის აფეთქება, შესაძლოა, ზღვის პროდუქტების იმპორტით დაწყებულიყო, თუმცა ამ ვერსიას საერთაშორისო მეცნიერები არ იზიარებენ.

ცნობისთვის, ჩინეთი ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს, რომელიც COVID-19-ის წარმოშობას იკვლევს. სპეციალისტები ჩინეთში, ქალაქ უჰანში 14 იანვარს ჩავიდნენ, რის შემდეგაც ისინი სავალდებულო 14-დღიან კარანტინში მოათავსეს.