შეთანხმების დოკუმენტი ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც – არჩილ თალაკვაძე

0
59

„ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი ცვლილება განხორციელდეს პარლამენტში და გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება “, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეებთან“ შეთანხმებას მიაღწია და მხარეებმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

„ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი. გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა გაიზრდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „მოქალაქეები“, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.