სტრასბურგის სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა – ბიბილოვი

0
176

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა. ასე შეაფასა მან სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბიბილოვის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცალმხრივი, პოლიტიზირებული დოკუმენტია.

„ეს გადაწყვეტილება იმ იმედით არის მიღებული, რომ ბევრს შეიძლება აღარც ახსოვდეს 12 წლის წინ მომხდარი ამბავი. ამ დოკუმენტს სინამდვილესთან ძალიან ცოტა რამე აქვს საერთო და ის ნაკარნახევია კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული კურსით, რომელიც ერთი წამითაც კი არ დაფიქრდა შეაფასოს საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული.

სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად არ მიიღო მხედველობაში ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა და დოკუმენტში ის ასახა, რაც მას ქართულმა მხარემ წარუდგინა. არც მშვიდობიანი ოსების სასტიკი მკვლელობები, არც ნახევრად დანგრეული ცხინვალი, არც ოსი ლტოლვილების წვალება, არც ქართული მხარის სხვა დანაშაული სასამართლოს ყურადღების ცენტრში არ მოექცა. მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ქართული პოზიცია.

გასაოცარია საქართველოს სახელმწიფო პროპაგანდის ცინიზმი და სითავხედე. ის ევროპულ დაწესებულებებს საკუთარ სიცრუეს თავზე ახვევს. ალბათ სწორედ ასეთია ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველების დავალებები და მათი პოზიცია“, – განაცხადა ბიბილოვმა.

 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.