სოხუმში პუტინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება

0
125

სოხუმში 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ აქციის ჩატარების ნებართვა უკვე გასცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აქციას „აფხაზეთის რუსული სათვისტომო“, „აფხაზეთის კაზაკთა რაზმი“, „საბრძოლო მოქმედებების კაზაკ ვეტერანთა გაერთიანება“ გამართავენ.

აქცია რუსეთის ე.წ. საელჩოს შენობასთან ჩატარდება.

როგორც აქციის ორგანიზატორთა განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებულები არიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებებით, რომელმაც მომხრეებს რუსეთში 23 იანვარს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიიდან დაბრუნებული „ოპოზიციონერი“ ნავალნი წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოუწოდებს ადამიანებს, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, რათა რუსეთში დესტაბილიზაცია და ქაოსი გამოიწვიოს. ეს ქმედებები აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომლებსაც სუსტი რუსეთი სჭირდებათ და მრავალეროვანი რუსეთის გახლეჩას ცდილობენ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები ვლადიმერ პუტინს და მის პოლიტიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ასევე მადლობას უხდიან პუტინს აფხაზეთის და იქ მცხოვრები რუსების მხარდაჭერისთვის.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. 23 იანვარს მისი მომხრეები მთელი რუსეთის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ.