სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – ალეკო ელისაშვილი

0
76

„სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარად არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა .

„სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის. მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს! გულისტკივილით ვამბობ, რომ დღეს, რაც პარლამენტის გარშემო ხდება ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან და განცხადებებისგან, კარგი იქნება ეს ორმხრივად, ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, დღეს, რაც პარლამენტის გარშემო ხდება ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, 12 პუნქტი, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და კანონში ცვლილებები განხორციელდეს, „გადაუჭარბებლად ისტორიულია“.

„აქ არის 13 პუნქტი, რომლიდანაც ერთს სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, დანარჩენი 12 არის გადაუჭარბებლად ისტორიული. ისტორიული შეთანხმება, ისტორიული ნაბიჯები – ეს იქნება გარღვევა არჩევნებისადმი ნდობის ჩამოყალიბების საქმეში. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ეს არის რევოლუციური კანონპროექტი, რომელიც მოახდენს იმას, რაც ვერა და ვერ მოხდა 30 წელი. ეს დოკუმენტი დაასრულებს ამ ყველაფერს. ყველას მინდა ვთხოვო, არარსებულ სკანდალებს კი ნუ შევქმნით და თითის გაშვერას კი ნუ დავიწყებთ, ჩავუღრმავდეთ, განხილვისთვის, დასახვეწად ორი თვე გვექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ამ დოკუმენტით არჩევნები ჩატარდება პატიოსნად და არჩევნების მეორე დღეს ვიღაცა ოდნავ გამარჯვებული იქნება, ვიღაც ოდნავ დამარცხებული, მაგრამ ყველანი ერთმანეთს მივულოცავთ და ვიტყვით, რომ „ალბათ, საკუთარ თავში, საკუთარ პარტიაში გვქონდა პრობლემა და არავის გადადგომას არ მოვითხოვთ, არავის ჩამოგდებას და ჩამოხრჩობას“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.