რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 4 027 ადამიანი დააკავეს

0
67

რუსეთში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 4 027 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „დოჟდი ავრცელებს.

ყველაზე ბევრი ადამიანი მოსკოვში გამართულ აქციაზე დააკავეს-1 155 დემონსტრანტი. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია. ასევე, დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

უფლებადამცველები და აქტივისტები დაშავებულების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს. დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.