რუსეთმა, რომელიც წიწიბურას თითქმის 100%-იანი მომწოდებელია, შესაძლოა ექსპორტი დროებით შეზღუდოს

0
105

რუსეთმა შესაძლოა, წიწიბურას ექსპორტი დროებით შეზღუდოს. აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. როგორც „ვედომოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ექსპორტის შეზღუდვაზე წინადადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააყენა.

მედიის ინფორმაციით, ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წლის სექტემბრიდან (სეზონის დაწყებიდან) დღემდე რუსეთიდან უცხოეთში 220 000 ტონა წიწიბურა (მთლიანი მოსავლის მეოთხედი) გაიყიდა, ეს კი წინა მთლიან სეზონზე ექსპორტირებულ პროდუქციაზე ბევრად მეტია. მედიის ინფორმაციით, რუსულ წიწიბურაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ჩინეთში, იაპონიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. სწორედ მოთხოვნის ზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურას ექსპორტის დროებით შეზღუდვას განიხილავს.

მედიის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვა იქნება, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს, რომ საკითხი ამ დროისთვის მუშავდება. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება.