რუსეთი სამხრეთ კავკასიას თავის „უკანა ეზოდ“ თვლის და არ სურს, რომ იქ თურქეთი და სხვა რომელიმე გარეშე ძალამ ცხვირი შეჰყოს – თურქული მედია

0
172

თურქულმა გაზეთმა „ჯუმჰურიეთ“-მა («Gumhuriyet») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის პასიური პოზიცია ყარაბაღის მიმართ“, რომელშიც განხილულია მოსკოვის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის მიმართ (ავტორი – დენიზ ბერქთაი).

„რუსეთის ხელისუფლებამ – სახელმწიფო სათათბირომ – დაპირისპირებულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა, მაგრამ არავინ ელოდება იმას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამ მოწოდებას დაემორჩილებიან და ბრძოლას შეწყვეტენ.

ცნობილია, რომ რუსეთი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს და მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიას თავის „უკანა ეზოდ“ თვლის და არ სურს, რომ იქ თურქეთი და სხვა რომელიმე გარეშე ძალამ ცხვირი შეჰყოს. მოსკოვისათვის სამხრეთ კავკასიას დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიზეზის გამო:

პირველი – რეგიონი ევროპიდან ცენტრალური აზიისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, სადაც სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ენერგეტიკული მაგისტრალები გადის, რუსეთის გვერდის ავლით. ამიტომაც რუსეთისათვის რეგიონის გაკონტროლება ცენტრალური აზიის გაკონტროლებასაც ნიშნავს (გავიხსენოთ, თუ როგორ შეაშფოთა რუსეთი ყახაზეთის განზრახვამ „თბილისის-ბაქო-ჯეიჰანის“ მილსადენისადმი მიერთების თაობაზე).

მეორე – ჩრდილოეთი კავკასია, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, ზალიან მგრძნობიერე რეგიონია, სადაც ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ამიტომაც, თუ სამხრეთ კავკასიას რომელიმე ანტირუსული ძალა დაეუფლება, ამას შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ჩრდილოეთ კავკასიაზე და სეპარატიზმის პროცესები გააძლიეროს. მართალია, წინა წლებში რუსეთმა მთლიანობაში ვერ შეძლო სამხრეთ კავკასიის გაკონტროლება – ხელი ვერ შეუშალა 2003 წელს „ვარდების რევოლუციას“ და საქართველოს ხელისუფლებაში პროამერიკულად განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, ან 2018 წელს სომხეთში პროდასავლელ ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებას, მაგრამ მოსკოვმა საბოლოო ჯამში მაინც მოახერხა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ხელი შეშლა.

მაგრამ მაინც ისმება კითხვა: თუ რუსეთისათვის სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია, სომხეთთან სამხედრო კავშირი აქვს, მაშინ რატომ არ შეუშალა ხელი აზერბაიჯანს, რომ მას ომი არ დაეწყო? ეს ფაქტი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

პირველი – ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე კი არ მიმდინარეობს, არამედ აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთის მიერ არის ოკუპირებული;

მეორე – მოსკოვს სურს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, რაც მისთვის ხელსაყრელია: შეჩერდება ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, რითაც კრემლის გავლენა გაიზრდება;

მესამე – სომხეთის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლური „ფერადი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მართალია, რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ არ გამოდის, მაგრამ მას პროდასავლელელი ანტირუსული გარემოცვა ჰყავს. გარემოცვამ იგი აიძულა, რომ მას წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, ანუ „პრორუსების“ მიმართ რეპრესიები განეხორციელებინა, რაც რუსეთს ძალიან არ მოეწონა. გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინაინის მინისტრმა წინადადება წამოაყენა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის თაობაზე. ამით ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან დამოკიდებულება გაიფუჭა, ამ დროს კი აზერბაიჯანს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვს.

და თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ დღეს რუსეთი დასავლეთთან სერიოზულ დაპირისპირებაშია (ბელარუსიისა და ალექსეი ნავალნის გამო), ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი აიძულებს რუსეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან უფრო მოქნილი პოლიტიკა გაატაროს. ამრიგად, სამხრეთ კავკასიაში ყალიბდება სიტუაცია, რომლის დროსაც აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესები გარკვეულწილად რუსეთის ინტერესებსაც შეიძლება დაემთხვეს“.