პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაზე გადის – თენგიზ ცერცვაძე

0
95

უკვე ყველამ იცის და ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზას. ეს იქნება, დაახლოებიით 30 ათასი დოზა. დაახლოებით, 15 ათასი ბენეფიციარისთვის. საქართველო გახდა პირველ ხუთეულში მყოფი ქვეყანა, განვითარებად ქვეყნებს შორის, ვინც მიიღო ვაქცინა და თან უმაღლესი ხარისხის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, არც ერთ განვითარებად ქვეყანას ჯერ ვაქცინა არ მიუღია.

„ეს არის უდიდესი ძალისხმევის შედეგი. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია გებრეისუსმა და „ჯანმოს“ ევროპის დირექტორმა. პანდემიის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ვაქცინის გარეშე რეკომენდაციით შესაძლებელია მხოლოდ მასთან გამკლავება. ყველა შეზღუდვას და რეგულაციას ერთად შეცვლის და მოხსნის წარმატებული ვაქცინაცია. არის საუბარი ოპონენტებისგან, რომ კი, პირველ ეტაპზე, ვაქცინები ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა, გასაგებია, რომ ცოტაა. 15 ათასი ბენეფიციარის აცრა ცოტაა, მაგრამ ყველა პროცესი რაღაცით უნდა დაიწყოს და დასაწყისისთვის ეს სულაც არ არის მცირე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ვაქცინაციის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, პირველად აიცრებიან ჯანდაცვის მუშაკები.

„ჯანდაცვის მუშაკების საერთო რაოდენობა, სადღაც 70 ათასია, მაგრამ ყველა არ არის აქტიურად დაკავშირებული „კოვიდთან“. მათ ნაწილს აქვს მხოლოდ უშუალო შეხება კოვიდავადმყოფებთან და პირველ რიგში სწორედ ისენი აიცრებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექიმების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გადატანილი აქვს „კოვიდი“ და ისიც უნდა დავუმატოთ ამ რაოდენობას. ვისაც გადატანილი აქვს, უახლოესი სამი თვე, ისინი არ იცრებიან. არის ასევე მყარი გარანტია, რომ ერთ თვეში, მარტისთვის ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას 150-დან 300 ათასამდე. სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“, რომელიც უმაღლესი კლასია. მას არ სჭირდება ისეთი მკაცრი პირობები შენახვის, ინახება ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე. მინდა მივულოცო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე. ყველა განსხვავება, პოლიტიკური, რელიგიური თუ სამედიცინო, უნდა ვირწმუნოთ, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის. ვაქცინა არის უსაფრთხო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა. ყველას ძალიან უნდა შეზღუდვების მოხსნა, უკვე საპროტესტო აქციებიც იმართება, არ გვინდა საპროტესტო აქციები, გავიკეთოთ ვაქცინა და შეზღუდვები მოიხსნება საფრთხის, რისკის გარეშე. ყველამ უნდა ვირწმუნოთ, აღვიჭურვოთ ოპტიმიზმით და ყველამ გავითავისოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, ცერცავაძე აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ვაქცინასთან დაკავშირებით არის გვერდითი მოვლენები, თუმცა საშიში არ არის.

„ეს არის ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილზე, შეუძლოდ ყოფნა, ალერგიული რეაქციები. მსუბუქი ალერგიული რეაქციები არ ქმნის არანაირ საფრთხეს, მაგრამ მძიმე რეაქციები, საფრთხეს ქმნის, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. საქართველოში შერჩეულია ვაქცინაციის ისეთი კლინიკები, სადაც არის შესაფერისი ინფრასტრუქტურა, აპარატურა, მედიკამენტები და გამოცდილი პერსონალი, რომ ასეთი რეაქციის, გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიოს და მერწმუნეთ ჩვენ არ გვექნება ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.