ოპოზიცია ამ რთულ ვითარებაში ულტიმატუმებით რომ საუბრობს, ეს არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ – ირაკლი სესიაშვილი

0
325

ოპოზიცია ამ რთულ ვითარებაში ულტიმატუმებით რომ საუბრობს, ეს არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მან ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე გააკეთა კომენტარი. თავდაპირველად, მან რომან გოცირიძესა და ოთარ კახიძეს მიმართა.

„მოვისმინე თქვენი პოზიცია, რომ არ უჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ეკონომიკური პროგრამა არ იქნება წარმოდგენილი და არ მიკვირს, რომ ამ რთულ ვითარებაში ხართ პოლიტიკური პოპულიზმით და პოლიტიკური სპეკულაციით დაკავებული. გეტყვით, რატომ ვამბობ ამას. თქვენ კარგად გესმით, რომ რეჟიმი, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მოვახდინოთ გავრცელების პრევენცია და რაც შეიძლება დროულად გამოვიდეთ ამ პანდემიიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ამისათვის არის საჭირო პირველ რიგში საგანგებო მდგომარეობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, თავისთავად ცხადია, ასეთივე რთული სახით არის ეს გამოწვევა, ეკონომიკური პრობლემები და ყველას, თითოეულ ჩვენგანს, ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები არის სოციალური, ეკონომიკური, მთელი რიგი სახის და ყველა მიმართულებით. ამ ვითარებაში მთელ მსოფლიოშიც და მათ შორის საქართველოშიც, ეს გამოწვევები არის გაზრდილი. მაგრამ თქვენ რას ეუბნებით მოქალაქეებს – იმის გამო, რომ თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირებთ და პოპულიზმით აქცენტს აკეთებთ ეკონომიკურ პროგრამაზე, თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ თქვენ არ უჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობას. ეუბნებით ხალხს, გამოდით ქუჩაში, წადით სამსახურებში, იმგზავრეთ ავტობუსებით, დააავადეთ ერთმანეთი, გავრცელდეს პანდემია, დაემუქრეთ თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე – აი, ამას ეუბნებით თქვენ“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს სესიაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ოპოზიციის წევრები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსაც ხედავენ, თუმცა აღიარება არ უნდათ.

„ძალიან ცუდია, როცა ასე იქცევით ამ რთულ ვითარებაში, როცა ყველას კონსოლიდაცია მოგვეთხოვება და ეს აქაც უნდა ვაჩვენოთ, პირველ რიგში პარლამენტში. თქვენ ხედავთ, რომ მთავრობამ ძალიან დროულად მოახდინა, ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზება. რა გჭირთ, რა დაგემართათ, რათა თქვათ რომ ეს ძალიან კარგია. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს თანხა სწორად როგორ მივმართოთ. თქვენ რას ამბობთ და ხართ პოპულიზმით დაკავებული, უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს და ხალხს ეუბნებით, რომ იცით რა, მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გაგიუქმოთ გადასახადები. ძალიან მარტივია ამის თქმა.

ყველას, თითოეულ მოქალაქეს რა თქმა უნდა ყურში კარგად მოხვდება, რომ მთავრობამ ფული დაურიგოს და გადასახადები გააუქმოს. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს, იცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც და ამ კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს, პოსტეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს.

როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება, ხალხი მივუშვათ და ეს პანდემია გავრცელდეს და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა, ესაა სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილმა კომენტარი გააკეთა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის განცხადებებზეც:

„კოლეგებო, ჩვენ ყველა კითხვაზე უნდა გვქონდეს პასუხები. მესმის, რომ ჩვენს რიგ მოქალქეებს შეექმნათ ინდივიდუალური პრობლემები, რადგან ძალიან ძნელია საგანგებო მდგომარეობის დროს შეიმუშაო ისეთი წესები, რომელიც ყველა მოქალაქის პირად პრობლემას ამოწურავს და მიუდგება. ეს წარმოუდგენელია და თქვენც, ბატონო ლევან, ახსენეთ რომ ამ ვითარებაში პირველადაა საქართველოც და მთელი მსოფლიოც. მაგრამ ამასთანავე, ჩვენს მოსახლეობასთან მარტო ხელისუფლებაზე არაა პასუხისმგებლობა, თქვენზეცაა. უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები სამინისტროებთან ურთიერთობის და მაქსიმალურად ავუხსნათ ხალხს და ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ. და ამაში მოგყვებით.

აქ ვაჩვენოთ კონსოლიდირება ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ ჭირსა და უბედურებას, რაც მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება, პრაგმატული, რაციონალური მოქმედებებით უნდა ვუპასუხოთ და არა რაღაც პოლიტიკური პოპულიზმით ან პოლიტიკური ინტერესების წინ წამოწევით. არ არის ახლა ამის დრო. კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას უნდა ქონდეს და აქაც იმას ვიტყვი, მართლა, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, ისე ვიტყვი, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით ხელისუფლება კარად და სწორად მოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.