ომი უნდა დამთავრდეს, ჩვენ და ქართველები ძმობას უნდა დავუბრუნდეთ – ასლან ბჟანიას თანაშემწე (ვიდეო)

0
1341

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თანაშემწე, ბენურ კვირაიაა კადრში. ვიდეო რესტორანშია გადაღებული. კვირაია საკუთარი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

უცნობია ვიდეოს გადაღების ზუსტი დრო და ადგილი.

„მინდა შევსვა ჩემი მეგობრის სადღეგრძელო, რომელიც ქართველია და ბულგარეთში ცხოვრობს. ის ევროპის ჩემპიონია. ეს გახლავთ დავით კავარცხელია. ომის დროს ის ჩემს წინააღდეგ იყო. ის წავიდა 1993 წელს ბულგარეთში. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. მის საპატივცემულოდ მე აქ პარკს მისი სახელი დავარქვი. მინდა მას ყველაფერი კარგად, ნორმალურად ჰქონდეს. რა მინდა ვთქვა… მინდა ყველამ ისმინოს – ომი უნდა დამთავრდეს, მე ჩემი მხრიდან ვაღიარებ, რომ ეს არის ნეგატივი და კარგს არაფერს მოგვიტანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას”, – ამბობს კვირაია.

ცნობისთვის, ამ წუთებში სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება, რომელზეც ბენურ კვირაიას მიერ ქართულ მხარესთან გამართულ შეხვედრებს აპროტესტებენ. ასევე, აფხაზური ე.წ ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა აღნიშნული ვიდეოც, სადაც კვირაია აფხაზეთისა და საქართველოს საერთო ისტორიაზე, ქართველ მეგობრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნეგატივი წარსულში უნდა დარჩეს და მხარეებმა თანამშრომლობაზე უნდა იფიქრონ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბენურ კვირაიამ პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა ჯერ კიდევ 19 თებერვალს დატოვა და მისთვის არავის დაუვალებია საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოება.

აფხაზური მედია კვირაიას ინტერვიუსაც ავრცელებს, სადაც ის აცხადებს, რომ მისი გამგზავრების მთავარი მიზანი, აფხაზეთში ინვესტიციების შეტანა იყო.