ნავალნის ფილმს პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა აქცს

0
121

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმმა ვლადიმერ პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს ნავალნის საგამოძიებო ფილმებს შორის აბსოლუტური რეკორდია. 2017 წელს გადაღებულ საგამოძიებო ფილმს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ქონებაზე, 44 მლნ ნახვა აქვს.

კრემლში ვლადიმერ პუტინზე გადაღებულ ფილმს “სისულელეს და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე გავრცელებულ კომპილაციას” უწოდებენ. თავად პუტინმა სტუდენტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ფილმში ნახსენები ქონება არც მას, არც მის ნათესავებს არ ეკუთვნის.

ნავალნის საგამოძიებო ფილმი YouTube-ზე მისი დაკავებიდან მეორე დღეს გავრცელდა. ფილმის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე ფლობს სასახლეს და სხვა ქონებას, რომლის ფასი დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ნავალნი პუტინს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს უწოდებს.

ნავალნის დაკავების შემდეგ 23 იანვარს რუსეთის 93 ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ 4 ათასამდე ადამიანი დააკავა. რუსი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ზოგიერთი დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და წამების ფაქტებს.