მე გუშინ რაც განვაცხადე, განვაცხადე ურაპატრიოტული განცხადებების წინააღმდეგ – ივერი მელაშვილი

0
121

დავით გარეჯის საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილი გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს:

“თემა ისეთია, რომ შეიძლება გაუფრთხილებელმა სიტყვამ, თუნდაც შეგნებულმა სიტყვამაც გამოიწვიოს სხვადასხვაგვარი გაგება. როდესაც ვამბობთ, რა გვინდა და ვისწრაფვით ამისკენ, ამ სწრაფვისკენ უარი არ გვითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს სწრაფვას ხელს უშლის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და აჟიტირებული განცხადებები. ეს ჩვენია, ასეა, რა გვაქვს სახვეწარი და ა.შ. ასეთი უაზრო განცხადებების საწინააღმდეგოდ აღვნიშნე მე ის, რაც ვთქვი გუშინ. როდესაც მხარეს რაღაც გაქვს და გინდა, ამისთვის გეგმა უნდა შეიმუშაო. იმას უნდა მიჰყვე ეტაპობრივად და აკეთო ის საქმე რაც, შენი აზრით იქამდე მიგიყვანს რაც გინდა. დელიმიტაციის პროცესში რაც გვაქვს დაყენებული, ეს არის ზუსტად ის რაც გვაქვს, გვინდა, ჩვენს საზღვრებში მოექცეს ბერთუბანი და ის კელიებიც.

ის, რაც ჩვენი სულიერი ისტორიული, ეკლესიური შემადგენელი ნაწილია, თუნდაც ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, რა კუთხითაც უნდა შევხედოთ. სამართლებრივად გავიგოთ ის, რომ ამ წუთას რა საზღვარიც არის დახატული რუკებზე, რა საზღვარიც არსებობს 29 წელს დადგენილი, იმის მიხედვით სულ სხვა არის. განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვინდა. ამას რომ მივაღწიოთ სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა და სიარული მწყობრად და არა ურაპატრიოტული განცხადებები. მე გუშინ რაც განვაცხადე, განვაცხადე ურაპატრიოტული განცხადებების წინააღმდეგ. ანუ, რაშია საქმე. გამოდის ვიღაც პოლიტიკოსი, პოზირებს კელიებთან და იდეებს აფრქვევს. გამოდის ბერი, თუ ერი და ურაპატრიოტულ განცხადებებს ამბობს. სულიერად რომ არის შენი და გინდა ამისი მიღწევა, ამას აქვს თავისი წესი და რიგი. ასე, ჯიკავ-ჯიკავით, ჩხუბით და დავიდარაბით ვერაფერს მივაღწევთ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რაც არის, იგივე პროკურატურის ხმამაღალი განცხადებები, ეს ყველაფერი მოლაპარაკებების ინტერესებს ვნებს. ეს არის საზიანო ქმედება. იძულებული გახდება ქართული მხარე, რომ უკანდახეული პოზიციიდან დაიწყოს მონაწილეობა“, – განაცხადა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ, წინასწარი პატმრობიდან 20- 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გუშინვე ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას”.