ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

0
435

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია. მან თვითდინებით კლინიკას გვიან ღამით მიმართა.

„გუშინ საღამოს არის შემოსული ჩვენთან კლინიკაში. ეს პაციენტი იმყოფებოდა ესპანეთში, საფრანგეთში ოჯახის წევრებთან ერთად. დაბრუნდა ოთხი დღის წინ საქართველოში. ბოლო ორი დღეა, მისცა ტემპერატურა და მოგვმართა. აღებული იქნა დღეს ანალიზები კორონავირუსზე და საათნახევრის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტესტზე პასუხი დადებითია. არის 73 წლის. მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ვიზუალურად არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ როცა მისი ასაკი 73 წელია, პნევმონია აქვს, თანმხლებ დაავადებები ახლავს, თირკმლისა და სხვადასხვა პათოლოგია, ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. თბილისთან კოორდინაცია გვაქვს კონსულტაციების დონეზე. თერაპიული პაციენტია და ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, აღჭურვილობა, სუნთქვის აპარატები – ეს ყველაფერი გვაქვს. ამდენად მძიმე ავადმყოფის მართვა შეიძლება“, – ამბობს ნადირაძე.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

“ამ ადამიანის ოჯახის წევრები ერთად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ. ახლა ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს. ისინი ამ კონტაქტებს, ვადებს ადგენენ, მოკვლევას აკეთებენ”, – განაცხადა ნადირაძემ.