თეონა ჭედია – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატები ამომრჩევლისადმი უპატივცემულობის კიდევ ერთი დასტურია

0
2287

„ყველა სოციოლოგიური კვლევით ჩანს, რომ  საზოგადოების დაკვეთა ეკონომიკური წინსვლა, განახლება, მშვიდობა და სტაბილურობაა. რთულია იმის გაანალიზება, რა სტრატეგია აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას.  მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარული კანდიდატების სია  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი რესურსი ამოწურულია.“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრი»(GIMC) დამფუძნებელი,  თეონა ჭედია.

მისი თქმით, დასახელებული კანდიდატებით “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ის შორს არის  განახლებისგან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო საკითხებზე დებატების ნაცვლად, ნომინალური რეპუტაციის კანდიდატებს ასახელებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  მას განახლების რესურსი არ გააჩნია. უფრო მეტიც, დასახელებული კანდიდატები ამომრჩევლისადმი უპატივცემულობის კიდევ ერთი დასტურია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოპოზიციაში მყოფი პარტია, უფრო დაშორებულია ამომრჩევლისგან, ვიდრე მმართველობაში მყოფი “ქართული ოცნება.“ განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება იმის დაკვირვებას, რომ “ოცნება” ვითარდება, ოპოზიცია კი, აშკარად  ჩამორჩება. უფრო მეტიც, ის თავისივე წიაღში კონტრრევოლუციას,  სრულ დეგრადირებას განიცდის.  სწორედ ამის დასტურია მათ მიერ დასახელებული კანდიდატების სია, ხოლო,  მათი  „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან შედარება კრიტიკას  ვერ უძლებს. მაგალითად,   ვინ უნდა დაუპირისპირონ თეა წულიკიანს, ან მარიამ ქვრივიშვილს –  ნანუკა ჟორჟოლიანი თუ ნატო ჩხეიძე?  რას ეუბნებიან ამომრჩეველს მათი წარდგენით,  რა არის მათი  უპირატესობა? მხოლოდ ცნობადობა და ისიც  უარყოფითი.“

თეონა ჭედიას თქმით, ოპოზიციის არათანმიმდევრული პოლიტიკა, ხალხის პრობლემებიდან ყურადღების არასწორ აქცენტებზე გადატანა, პოპულიზმი და ემოციებით აგებული გაუმართლებელი ქმედებები, მათ კვაზიევოლუციას ძერწავს.

„გავიხსენოთ პანდემიასთან ბრძოლა, როცა ისინი ვირუსის მხარეს  დადგნენ.  ერთ- ერთი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომელიც   სოციალურ ქსელში აქტიურად ხელმძღვანელობდა მოძრაობას “ დისკრიმინაციული კარანტინი” სადაც,  დღეს  უკვე მაჟორიტარობის კანდიდატი, კარანტინის გაუქმებისთვის იბრძოდა. „ოცნებამ“ კი  საარჩევნო სიაში სწორედ  ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ აღიარებულ წარმატებაში  მნიშვნელოვანი მონაწილოება მიიღო.  ეს არის ის,  რაც გამოარჩევს მმართველ გუნდს ოპოზიციისგან.  ამომრჩეველი  სწორედ ამას ხედავს, რაც ავტომატურად  აისახება „ოცნების“ მზარდ  რეიტინგზე.“ – ამბობს თეონა ჭედია.