თავდაცვის ძალების მეთაურმა დეპუტატებს უმასპინძლა

0
46

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისa და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტუმრებს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსებმა ყურადღება გაამახვილეს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სტრუქტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ.