ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

0
106

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, მზია გერგედავა განაცხადა, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა, ის თავს კარგად გრძნობს და დღეიდან, გეგმიური მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას.

„ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩატარებული კვლევებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები გამოირიცხა. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ეწერება ბინაზე. მცირეწლოვანი გუშინ მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შემოიყვანეს საავადმყოფოში. თავის ტკივილი, კიდურის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე. პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა და შესაბამისი რეკომენდაციით, ამ ეტაპისთვის, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ეწერება ბინაზე, სადაც გეგმიური მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას უბნის ექიმთან”,- განაცხადა მზია გერგედავამ.

გუშინ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს.

ბავშვის ოჯახს რომელიც სოციალურად დაუცველია დევნილთა სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამაშია ჩართული. მათ უახლოეს პერიოდში ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემათ.