ვოცნებობ, რომ გიორგი გახარია სომხეთში ჩამოვიდეს და ჩვენს მთავრობას აჩვენოს, როგორ უნდა ებრძოლოს ეპიდემიას – გრანტ ბაგრატიანი

0
2416

სომხეთის  ტელეარხის «168 TV»-ის საავტორო გადაცემა «PRESSING»-ში 5 მაისს  კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობდა რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გრანტ ბაგრატიანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ერთმანეთს შეადარა სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და საკუთარი ქვეყნის მთავრობა გააკრიტიკა. გრანტ ბაგრატიანის გამოსვლის შინაარსი გამოქვეყნდა სომხური საინფორმაციო სააგენტოს „ნიუსამ“ის («News.am») ვებ-გვერდზე სათაურით „სომხეთის ექს-პრემიერი გრანტ ბაგრატიანი: „ვოცნებობ, რომ გიორგი გახარია სომხეთში ჩამოვიდეს და ჩვენს მთავრობას აჩვენოს, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ეპიდემიას“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

„სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია საშინელია“, – ასე განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა.

„მარტის შუა რიცხვებში, როცა სომხეთის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა, კომენდანტად კი ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი იქნა დანიშნული, იმ დროს ჩვენ 18 დაავადებული გვყავდა, დღეს კი, თუ არ ვცდები – 2619, ანუ დაავადებულთა რაოდენობა 146-ჯერ გაიზარდა. დღეს მსოფლიოში ყოველ 100 ათას ადამიანზე 46 დაინფიცირებული მოდის, სომხეთში კი – 91. ესე იგი, ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ… 15 მარტს საქართველოში 35 ავადმყოფი იყო, ჩვენთან 18. დღეს საქართველოში სიტუაცია 7-ჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვენთან. აზერბაიჯანში, სადაც 10 მილიონი ცხოვრობს, მხოლოდ 1800 ავადმყოფი ჰყავთ“, – თქვა გრანტ ბაგრატიანმა  და გაიხსენა, რომ 1990-იან წლებში, როცა საქართველოში ენერგოსისტემის მართვა ვერ ხერხდებოდა, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი თავისი ქართველი კოლეგის კაბინეტში იჯდა და მას ენერგოსისტემის მართვაში ეხმარებოდა.

„დღეს მე ვოცნებობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორი კვირით სომხეთში ჩამოვიდეს, დროებით მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავოს და აჩვენოს ჩვენს პრემიერ-მინისტრს, თუ როგორ არის საჭირო ეპიდემიასთან ბრძოლა“, – აღნიშნა გრანტ ბაგრატიანმა.

„ჩვენ საგანგებო მდგომარეობა ფორმალურად გამოვაცხადეთ. ჯანდაცვის მინისტრი ანგარიშმიუცემლად, უაზროდ ამბობს, რომ პირბადეები არაფერს წყვეტს, საჭირო არ არისო. ხელისუფლება მზად არაა გაძლიერებული რეჟიმისათვის, მათ ჰგონიათ, რომ კორონავირუსს კაიფით დაამარცხებენ. ჩინეთში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსით არავინ დაავადებულა, მაინც პირბადეებით დადიან და მისი მოხსნისათვის [მაღაზიებში] ჯარიმაა დაწესებული, ჩვენთან კი არცერთი მაღაზია არ დაჯარიმებულა“, – განაცხადა გრანტ ბაგრატიანმა.

წყარო: https://news.am/rus/news/576718.html

სიმონ კილაძე